ნარატივის როლი კაცობრიობის ისტორიაში
- gudunadarbo
- Nov 7, 2021
- 4 min read

ადამიანი არის ქმნილება, რომელსაც ამ პლანეტაზე არსებობის ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. წლებთან ერთად ჩვენ განვიცადეთ არა მხოლოდ ბიოლოგიური სახეცვლილებანი, არამედ კაცობრიობამ სულიერი განვითარების ტრანსფორმაციაც განიცადა. შევეცდები ჩემი თვალთახედვით დაგანახოთ ამ სახეცვლილების ისტორია,ამიტომაც მნიშვნელოვანია ისეთი დიდი ნარატივების მოშველიება, როგორებიცაა: გილგამეშიანის ეპოსი და მოსეს სჯული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფრის გააზრებაში დიდი წვლილი მიუძღვის მირჩა ელიადეს და რენე გენონის თეორიულ კონცეფციებს.
ნარატივზე საუბრისას მნიშვნელოვანია მოვახდინოთ მისი მნიშვნელობისა და ფუნქციის განმარტება, რათა უკეთესად შევძლოთ მისი გავლენების ანალიზი, როგორც თანამედროვე, ისე არქაულ სამყაროში. ნარატივში, როგორც წესი მოიაზრებენ სამყაროს ისეთ აღქმას და ინტერპრეტაციას, რომელიც გარკვეული ისტორიული თუ კულტურული პოზიციიდან ან სულაც პარადიგმიდან კეთდება. ამრიგად მას გარკვეული პოტენციალი გააჩნია ჩაგვახედოს წარსულის ბნელ ლაბირინთებში, რომელიც თანამედროვე ადამიანის გონებამ დიდი ხნის წინ მიივიწყა. ნარატივი ეს არ არის მხოლოდ ისტორია, რომელსაც ჩვენ როგორც ამბავს ისე მოგვითხრობენ, არამედ ის ასევე გავლენას ახდენს ცალკეული ადამიანების, ჯგუფებისა თუ კულტურების ფორმირებაზე. საბოლოო ჯამში ის კოლექტიური ან იდნივიდუალური ღირებულების/იდენტობის ნაწილი ხდება. წარსული ეს არის კაცობრიობის განვლილი გზა და ის სჭირდება როგორც იდნივიდს, ისე საზოგადოებას რათა იდენტიფიკაცია შეძლონ. თავისთავად ეს ხელნაწერები ისტორიული დისციპლინის თვალსაზრისითაც ღირებულია, ანუ მასში თავმოყრილია ფაქტობრივ ცოდნა. მაგალითად ის ასახავს და წარმოდგენას გვიქმნის ამა თუ იმ ეპოქაში მატერიალური თუ კულტურული მიღწევების შესახებ, თუმცა მათი მთავარი ღირებულებაც ალბათ ის არის, რომ ფაქტობრივ ცოდნასთან ერთად ადამიანის სულიერი განვითარების საფეხურების, მათი რწმენა-წარმოდგენებისა და ღირებულებების ნამდვილი საგანძურია. ამრიგად ნარატივის მეშვეობით ჩვენ უფრო მეტად ვუახლოვდებით უკვე შორეული მომავლიდან წარსულს და იმ პირვანდელ სურათხატებს და არქეტიპებს ვაცოცხლებთ, რომელიც განვითარების ყველაზე ადრეულ სტადიებზე ფორმირდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მოცემულც ხელნაწერებზე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მათში გარკვეული რელიგიური შინაარსები დომინანტურია. ის კონცენტრირებულია ისეთი საკითხების გაჟღერებაზე როგორიცაა: დაბადება, გარდაცვალება, თავიდან დაბადება, უწყვეტობის ციკლი და ა.შ. ეს ის მარადიული კანონზომიერებაა, რომლის დადგენას მავანი დაბადებიდანვე შეუპყრია და ამრიგად ის სულიერი განვითარების ციკლშიც დიდ ადგილს იკავებს. ამიტომ ასეთ ტექსტებში გვევლინება ისეთი ზოგადსაკაცობრიო თემებიც, რომლისთვისაც დღევანდელ კაცობრიობასაც თავი ვერ დაუღწევია. მაგალითად სიკვდილ- სიცოცხლის საკითხი, ღმერთის არსი და რაობა, სიკეთე და ბოროტება, ჭეშმარიტების საკითხი, სიზმარი და სხვა უამრავი მარადიული კითხვები, რომელზეც ზუსტი პასუხი ჯერ არცერთ მოკვდავს არ მიუღია.
ცნობისმოყვარეობა
მას შემდეგ რაც ადამიანმა საკუთარი თავი ანუ არსებობა განიცადა, მას შემდეგ რაც მას საკუთარი მოთხოვნილებების დამოუკიდებლად დაკმაყოფილების უნარი ჩამოუყალიბდა, მასთან ერთად დაიბადა მითებიც. (თუმცა რთული სათქმელია ადამიანები ქმნიან მითებს თუ მითები ქმნიან ადამიანებს თავად, ესეც ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია). მაგალითად ადამიანი ნახულობს პირველად სიზმარს, ის სხვაგვარი სინამდვილის განზომილებას გამოცდის და მასში ეს უკვალოდ არ ქრება. ამრიგად მნიშვნელოვანია ამ სინამდვილეს, როგორ ახსნას უძებნის ადამიანი. მე ვფიქრობ საწყისებზე საუბრისას აუცილებელია გავაკეთოთ დაშვება, რომ ცნობისმოყვარეობა, როგორც ცოცხალი არსების განუყოფელი ნაწილი დიდი აღმოჩენებისა თუ დიდი თეორიების ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი გახდა. ეს არ ნიშნავს მხრიდან ათეისტურ პოზიციას, რადგან იმთავითვე შემიძლია დავუშვა, რომ ღმერთის აღმოჩენის იდეა თავიდანვე განსაზღვრული იყო დისპოზიციურად ადამიანში. ასე რომ ცნობისმოყვარეობა და მთხრობელის მიერ ინტერპრეტირებული სამყარო, ჩვენს ნარატივებში განსაკუთრებული ხედვით წარმოჩინდება.
ფანტაზია ( Edge of Consciousness)
გერმანულ ენაში არსებობს სიტყვა „Die Doppelbödigkeit“ - რომლიც ადამიანის ფსიქეში ორაზროვნების აღსაწერად შესანიშნავია. ადამიანს აქვს გარკვეული ტიპის ორაზროვნება პირველი ეს არის ის, რომლითაც საკუთარ რეალობას განიცდი, ხოლო მეორე შესაძლოა იყოს ის, რომლითაც საკუთარ რეალობას ეჭვის ქვეშ აყენებს. ამგვარად მე ვფიქრობ ასეთი ეჭვის საფუძველზე ადამიანი მიდის მიჯნაზე, საიდანაც მის მიღმა არსებულის შეცნობა იწყება ანუ ღმერთის. რას გავაკეთებდით თუ შავი კედლის წინ დაგვაყენებდნენ და არ გვეცოდინებოდა მის უკან რა იმალება? სავარაუდოა, რომ ადამიანი ამ დროს წარმოსახვას მიმართავს და რაღაცაზე დაყრდნობით, განპირობებული გონებით შეეცდება კედლის მიღმა მისთვის ჯერ შეუცნობელი სიცარიელე მისთვის არსებული სისავსიდან შეავსოს. როცა ადამიანი დგება რაღაცის ზღვარზე/მიჯნაზე, ის ყოველთვის იწყებს ფანტაზირებას, ის ყოველთვის ცდილობს წარმოიდგინოს თუ რა იმალება კედლის მიღმა. იქნებ, სწორედ ამ გრძნობების საფუძველზე ჩამოყალიბდა პირველყოფილ საზოგადოებაში რწმენაწარმოდგენები? იქნებ სწორედ აქედან იღებს სათავეს რელიგიური ფენომენიც და ღმერთის იდეაც, რომელიც შემდგომ ჩვენს ნარატივებში სიუჟეტური ხატით ვითარდება. ამრიგად რელიგიური შინაარსებისა თუ პერსონაჟების განხილვა ადამიანისგან მოწყევეტით, დამოუკიდებლად არასამართლიანი იქნებოდა. თუ ეს არის ფენომენი, რომლის შინაარსი ყველაზე წარმატებით ადამიანის გონებაში ფორმირდა, მაშინ ის უნდა განვიხილოთ არა როგორც ზებუნებრივი არამედ, როგორც გონებრივი ნაყოფი. ამრიგად კედლის მიღმა აღმოჩენილი უხილავი სამყარო, ღვთიური შინაარსი თუ სხვა ფენომენის სახით განიცდება, მაშასადამე ის გვევლინება როგორც მუდმივი აქ მყოფი, მისი მანამდელი ვერ აღქმის მიუხედავად.
გილგამეშიანი და ძველი აღთქმა
მაშასადამე ჩვენ ვისაუბრეთ ნარატივზე, ფანტაზიაზე, ორაზროვნებასა და ცნობისმოყვარეობაზე, როგორც ადამიანის მამოტივირებელ ძალაზე, (driving force) რომლის მეშვეობითაც სამყაროს ხატი ფორმირდა. ამიტომ ძველ ხელნაწერებში არ უნდა უარვყოთ სამყაროს დიქოტომიური დაყოფა - დემონურ და კეთილ ძალებად.
გილგამეშიანის ეპოსში და ძველ აღთქმაში ეს ხასიათი მკაფიოდ იკვეთება, ამიტომ ეს ორი ძალა მუდმივად ერთმანეთს ცვლის და აბალანსებს. აღსანიშანვია ის მსგავსებები, რომელიც გილგამეშიანის ეპოსსა და ძველი აღთქმის სიუჟეტში კვალდაკვალ ვითარდება. გავისხენოთ ქალაქი ურუქი ეს არის ცენტრი იმდროინდელი სამყაროს, როგორც ბიბლიური ედემი ხოლო მისი პერიფერია (უდაბნო), რომელშიც დემონური ძალები ლოკალიზდება. ქალაქიდან შორს ყოფნა ისევე მძაფრად განიცდება პერსონაჟების მხრიდან, როგორც ედემის ბაღიდან გამოძევება და ამიტომაც ენქიდუს გაადამიანურების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჯილდო სწორედ ქალაქში მიღებაა. გავიხსენოთ გილგამეშის ემოციები, როდესაც ის უბრუნდება ურუქს, ის იაზრებს, რომ ერთ-ერთი ღირებული და უკვდავი, რამ რაც კი მას შეუქმნია ეს ქალაქია.
ასევე მნიშვნელოვანია დავინახოთ კავშირი ენქიდუს ინიციაციასა და ადამ და ევას შორის. ყველა მათგანში სიტკობეასთან ზიარება მათში რაღაც ნაწილის კვდომასა და სხვა ადამიანის დაბადებას იწვევს, ხოლო ამ ცვლილების მთავარი სუბიექტი ორივე სიუჟეტში ქალია. და მაინც რამ განაპირობა სამყაროს ასეთი აღქმა? რა განაპირობებს უძველესი დროიდან მოყოლებული არქეტიპების არსებობას დღემდე? რატომ არ წყდება ნათელსა და ბნელს შორის ომი? ეს ის კითხვებია, რომელზე პასუხიც ჯერ არცერთ მოკვდავს არ მიუღია...
ავტორი: გუდუნა ივანე დარბუაშვილი
Comments