top of page
Search

დანაშაულის განცდის ფენომენი OCD- პაციენტებთან


შესავალი


დანაშაულის განცდამ, როგორც ადამიანურმა, განცდისეულმა ფენომენმა მთელი სამყარო განსაკუთრებით კი მთელი მეოცე საუკუნე და ფსიქოანალიტიკური კონცეფცია გამსჭვალა. ამ განცდის არსებობამ გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ფსიქოანალიზის გარკვეული კონცეპტების ჩამოყალიბებაზე, არამედ მან განსაკუთრებული როლი შეასრულა ლიტერატურაში, პოლიტიკაში, ხელოვნებასა და ისეთ გლობალურ საკითხებშიც კი, როგორებიცაა რელიგია და კულტურა. დღესდღეობით ეს ტერმინი და მისი პოპულარული გაგება გულისხმობს ფსიქიკაში, რაღაც გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი კონფლიქტის არსებობისგან გამოწვეულ შეგრძნებას, რომელიც ხშირად სუბიექტში ტანჯვის სახით განიცდება. დანაშაულის განცდა ჩვეულებრივ არის ნეგატიური ემოცია, რომელიც შეგნებულად ან გაუცნობიერებლად ფორმირდება ინდივიდში - რაიმე მოვლენაზე ან არასწორ ქმედებაზე საპასხო რეაქციად. მეტიც მას შესაძლოა ისეთი ფიზიკური რეაქციებიც ახლდეს თან როგორებიცაა: გაწითლება, ოფლიანობა, დეპრესიული განწყობის ჩამოყალიბება, პანიკური შეტევა, ობსესიურ კომპულსიური აშლილობა (აკვიატებული ნერვოზი) და სხვა. დანაშაულის განცდა ხშირად შედარებულია სირცხვილის და შიშის განცდასთან, თუმცა მათგან მას მყისიერი დროში მედეგობა ახასიათებს. სწორედ ეს უკანასკნელი იწვევს ადამიანში ფსიქოლოგიური ტანჯვის ჩამოყალიბებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ფსიქიკის მიერ განიდევნება. ფსიქოანალიტიკური თეორიებიდან გამომომდინარე არსებობს ადამიანის სუბიექტური ფსიქიკური გამოცდილება, რომელიც გავლენას ახდენს, პიროვნების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ხოლო ეს გამოცდილება მეტწილად კულტურული, რელიგიური, მიკრო და მაკრო ტრადიციული ღირებულებების ინტერიორიზაციით სტრუქტურირდება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ადამიანი, როგორც ფსიქიკური არსება თავის თავში მოიცავს ისეთ გლობალურ შინაარსებს როგორებიცაა: რელიგიური დოგმები, კულტურული ინსტიტუციები ან ტაბუ, ოჯახური ტრადიციები, სოციალური წარმოდგენები და სხვა მრავალი გარემოდან ნაკარნახევი შინაარსები.

ფსიქოდინამიკური პერსპექტივიდან OCD- არის არაცნობიერი კომფლიქტის გამოვლენა, რომელიც აკვიატებულ, იძულებით ქცევებსა თუ აზრების სახით ფორმირდება, ხოლო ამ ფორმირებით ინდივიდი თრგუნავს და უმკლავდება მისთვის მიუღებელი შინაარსების გაცნობიერებას. ფსიქოანალიტიკური შეხედულების თანახმად, ჩვეულებრივ ყოველივე ეს დაკავშირებულია სექსუალურ ან აგრესიულ სურვილთან, რომელიც ეწინააღმდეგება სოციალურად მისაღებ ქცევას.

მოცემული ნაშრომის ფარგლებში განხილული იქნება დანაშაულის განცდის ფენომენი OCD-ის მქონე პაციენტებთან, რომელიც უფრო სიღრმისეული თვალთახედვით დაგვანახებს ამ ერთი შეხედვით სტერეოტიპული ქმედებების არსებობას.


აკვიატებული ნერვოზი და არაცნობიერი




ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD) ან ობსესიურ-კომპულსიური ნევროზი თანამედროვე სამყაროს გამოწვევას არ წარმოადგენს. აღმოჩნდა, რომ მას საკმაოდ დიდი ისტორიული წარსული აქვს და ეს აშლილობა თითქმის ჩვენთვის ნაცნობ ყველა კულტურაში გვევლინებოდა. მთავარი განსხვავება ის არის, რომ 20 საუკუნემდე სანამ ფსიქოლოგია ამ ფენომენის შესწავლას აქტიურად დაიწყებდა ეს დაავადება უმეტესწილად აღწერილია რელიგიურ ტექსტებში. მეტიც Scrupulosity - სკურპულოზობა ანუ მცირე დეტალებზე დიდი ყურადღების მიქცევა, მოწესრიგება მომდინარეობს სიტყვა „scruples“ - რომელიც ტრადიციულად გამოიყენებოდა რელიგიურ კონტექსტში. ( ადამიანი, რომელიც საკუთარი ცოდვების მონანიებაზე აკვიატებულად ზრუნავს და რელიგიური ერთგულების მიზნით ახორციელებს გარკვეულწილად იძულებით/სტერეოტიპულ რიტუალებს). თავად ტერმინი ლათინური სიტყვიდან მოდის „scrupulum“ - რომელიც გულისხმობს სინდისის ტკივილს. რელიგიურ ტექსტებში მრავლად არის აღწერილი სხვადასხვა სასულიერო პირების თუ პიროვნებების დანაშაულის მტანჯველი განცდები, რომელიც რელიგიური რიტუალების შესრუების მეშვეობით დაიძლეოდა.

1877 წელს გერმანელმა ფსიქიატრმა კარლ ფრიდრიხ ოტო ვესტფალმა (1833-1890), აკვიატებული ნერვოზი მიაწერა ინტელექტუალური დისფუნქციის ანუ დარღვევის არსებობას. მისი ნაშრომი „იძულებითი იდეის“ შესახებ აღწერს აშლილობის, როგორც კოგნიტურ ისე, კომპულსიურ ასპექტებს. ვესტფალმა შემოიტანა ტერმინი, რომელიც Zwangs[1]vorstellung-[2]ის სახელით არის ცნობილი, რაც გულისხმობს იძულებითი პრეზენტაციების, წარმოდგენების, იდეების არსებობას.

1895 წელს ტერმინი „Die Zwangsneurose“ პირველად გამოჩნდა ფროიდის ნაშრომებში, რამაც მომდევნო წლებში საფუძველი ჩაუყარა OCD- აშლილობის გაგებას და თანამედროვე ფორმით წარმოდგენას. ფროიდთან ეს აშლილობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რაც მის სახელწოდებაშიც ვლინდება. როგორც უკვე ავღნიშნეთ ის ამ ტიპის ნერვოზსს ხედავს, როგორც იძულებით რეაქციას რაღაცაზე საპასუხოდ. ფროიდი თავის ნაშრომში 30 წლის ქალის ისტორიას განიხილავდა, რომელსაც აკვიატებული ნევროზის ე.წ. ობსესიურ-კომპულსური აშლილობის ნიშნები აღენიშნებოდა. ახალგაზრდა ქალი ყოველ დღე დღეში რამდენჯერმე ერთი და იმავე მოქმედებას იმეორებდა - „ქალი გამორბის საძინებელი ოთახიდან დგება მაგიდასთან გარკვეულ პოზიციაში, ეძახის მოსამსახურეს და აძლევს დავალებას გაწმინდოს პირობითად მაგიდაზე არსებული ლაქა და უკან ოთახში ბრუნდება“. ფროიდი იკვლევს და ცდილობს გაიგოს თუ რას აკეთებს პაციენტი, თუმცა მრავალი კითხვის მიუხედავად ახალგაზრდა ქალი პასუხობს, რომ არაფერი იცის ამის შესახებ და რომ ეს სიმპტომები და ქცევა უეცრად განვითარდა. მაშასადამე პაციენტი არ ფლობს არანაირ ინფორმაციას თუ რა შეიძლება იდგეს ქცევის უკან. ფროიდი წერს თავის ერთ-ერთ ნაშრომში, რომ მისი დაჟინებული თხოვნამ გაეხსენებინა რაიმე მოგონება ან კავშირი ამ ყველაფერთან შედეგი გამოიღო და პაციენტმა მოყვა შემდეგი სახის ისტორია - აღმოჩნდა, რომ როდესაც ეს ქალი ახალგაზრდა იყო მასზე უფროსი მამაკაცი შეუყვარდა. პაციენტი იხსენებს, რომ მამაკაცის გაცნობიდან ისინი მალევე შეუღლდნენ და აღწერს პირველ ღამეს განვითარებულ უცნაურ ისტორიას. პირველ ღამეს, როდესაც სექსუალური აქტი უნდა შემდგარიყო ეს აქტი არ ხდება მამაკაცის სექსუალური იმპოტენციის გამო. შერცხვენილი მამაკაცი იწყებს ოთახში წინ და უკან სირბილს და ბოლოს, როცა მას ყოველგვარი იმედები გადაეწურება იღებს წითელ მელანს და საწოლზე ასხავს. ფროიდი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ქალი აცნობიერებს, რომ მას აღარ ეყოლება შვილი, რომ მისი სოციალური როლი როგორც წარმატებული მეოჯახე ქალი არ შედგება, თუმცა აღმოჩნდება, რომ ეს მატრამვირებელი წარმოდგენები და შინაარსები მისი ფსიქიკიდან განიდევნება. ამრიგად ეს ქალი ვერ იქნება დედა, მას არ ექნება სოციალური როლი რის შედეგადაც მისი სოციალური მნიშვნელობა ანუ ფუნქცია მთლიანად დაიშალება. ისიც უნდა აღინიშნის, რომ ქალის ობსესიას ასევე თან ახლავს ასოციალურობის გავითარება, უარს ამბობს საჩუქრების მიღებაზე, საკუთარ თავს აღარ უვლის და მისი ცხოვრების ხარისხი დღითიდღე უარესდება. ფროიდი ამბობს, თუ ავიღებთ მის ტრავმულ გამოცდილებას, რომელიც მისთვის მძიმე იყო, აღმოვაჩენთ, რომ მას ეს ტრავმა დავიწყებული აქვს ( ცნობიერებიდან აქვს გატანილი ) დარჩენილია მხოლოდ ტრავმული ეფექტი, რომლის მეშვეობითაც ის იმეორებს არა მხოლოდ სიმბოლურად მისი ქორწინების პირველ ღამეს, არამედ ის ასწორებს ამ ქცევას - ის დგება ისეთ ადგილას, რომ ეს „ლაქა“ მაგიდაზე ყველამ შეამჩნიოს და ავალდებულებს მოსამსახურეს რომ გაწმინდოს. ფროიდი ამბობს, რომ ფაქტობრივად ის ამით ისრულებს სურვილს, რომ მისი მეუღლე ჯანსაღია. ამრიგად ფროიდი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას თუ რაოდენ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს სუბიექტის ტანჯვაში მისი მატრავმირებელი გამოცდილება, რომელიც შესაძლებელია ერთი შეხედვით სრულიადაც არ იყოს კავშირში მის დაავადებასთან.





ნერვოტულთა სექსუალური ლტოლვა



ფროიდი თავის ნაშრომში „სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან“ განმარტავს, რომ ფსიქონერვოზები წარმოადგენენ სექსუალური ლტოლვის ძალთა მოქმედების შედეგს“ - სადაც ის გულისხმობს, რომ სექსუალური ლტოლვები წარმოადგენს ნევროზის ერთადერთ და მუდმივ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს. ფროიდი ამ ნაშრომში აღნიშნავს, რომ არაცნობიერში შეკავებული ეს მენტალური პროცესები ერთგვარი გამოხატვისკენ ისწრაფიან თუმცა გარკვეული ცენზურის გამო ეს შინაარსები, მოთხოვნილებები ფორმირდება სიმპტომების სახით მაგალითად OCD- ის მქონე პაციენტებთან, ამ შემაკავებელ ფუნქციას, სწორედ აკვიატებული აზრები და მოქმედებები ასრულებენ. ფსიქოანალიტიკოსების ხედვით ამ დროს ინდივიდში არსებობს ღრმა ფსიქოლოგიური დანაშაულის განცდა, რომელიც როგორც წესი მიუღებელი შინაარსების და მოთხოვნილებების კვალდაკვალ აღმოცენდება ფსიქიკაში. ამრიგად აკვიატება წარმოადგენს იმ რეალური მისწრაფებების ან მოთხოვნილებების პასუხს, რომელიც არაცნობიერში დანაშაულის (ცენზურის) ჩარევით განიდევნება. ადამიანში დანაშაულის განცდა შეიძლება იყოს გამოწვეული სექსუალური მოთხოვნილებებით, ფანტაზმებით, სურვილებით და სხვა მასტიმულირებელი მოვლენებით, რომელიც რაღაც მიზეზით არ ცნობიერდება. ფროიდი აღნიშნავს, რომ ისტერიულ ავადმყოფებთან შესამჩნევია სექსუალური შინაარსების და გამოცდილების გარკვეული ხარისხის განდევნა, რაც ცდება ნორმალურობის ფარგლებს, ასევე შესამჩნევია წინააღმდეგობის გაძლიერება სექსუალური ლტოლვის ინსტინქტისადმი, რომელიც ვლინდება სირცხვილში, ზიზღში ან გადაჭარბებულ მორალურობაში. ამრიგად ფროიდის მოსაზრებით ჭარბი სექსუალური ინსტინქტის არსებობა და მისი ღრმა ფესვგადგმული უარყოფა, მისგან გაქცევის მცდელობა შეიძლება გაფორმდეს: სიზმრებში, სიმპტომში, წამოცდენაში ან ჩვენს შემთცხვევაში OCD- ის დავადების სახით.

ფსიქოანალიტიკური თეორიების თანახმად OCD-ის მქონე პაციენტებთან დანაშაულის განცდა იმდენად მაღალია, რომ ავადმყოფობა ერთგვარი გამოსავალია, თავი ავარიდოთ ჩვენთვის მიუღებელ შინაარსებს. სხვაგვარად, რომ ვთქვათ სუბიექტი პრობლემის გადაჭრის ნაცვლად საკუთარ „ლიბიდოზურ“ იმპულსებს სიმპტომებად გარდაქმნის, რაც ფსიქიკური დაავადების სახით გვევლინება.


სურვილის ლეგიტიმაცია და OCD- აშლილობა



ძალიან ხშირად იმის გამო, რომ გვიწევს სოციუმში ცხოვრება, ჩვენი სურვილები ამ მიზეზით კარგავენ ლეგიტიმურობას. ვინაიდან ადამიანი გარშემორტყმულია კულტურული და ეთიკური ნორმებით, სურვილების გამოვლენის შესაძლებლობა იზღუდება, რაც თავის მხრივ ფსიქიკაში უკვალოდ არ ქრება. ამგვარი სურვილები თავს იჩენს შენიღბული სახით სიზმრებში, წამოცდენებში და ზოგჯერ სიმპტომების სახითაც გვევლინება. ამრიგად ფროიდი საკუთარი დაკვირვების და კლინიკური პრაქტიკის საფუძველზე ფსიქიკაში იმგვარ რეალობას აღმოაჩენს რომელსაც არაცნობიერი ეწოდება, რაც მომავალში ფსიქოანალიტიკური მოძღვრების მთავარი კონცეპტის სახით მოგვევლინა. ფროიდის კვლევების საფუძველზე არა მხოლოდ არაცნობიერი ფსიქიკის არსებობა დადგინდა არამედ მან ფაქტობრივად ანალიტიკური თვალთახედვით დაგვანახა სხვადასხვა ფსიქიკურ დაავადებებში მისი მონაწილეობა მათ შორის OCD- აშლილობის დროსაც.


აკვიატებული აზროვნება და დანაშაული განცდა


აკვიატებული აზროვნების (F42.0)[3] დროს არსებობს განსაკუთრებული წარმოდგენები და შიშები, რომლებიც პაციენტის სურვილის საწინააღმდეგოდ იჭრებიან მის ცნობიერებაში. სწორედ ამ იძულებითი ხასიათის გამო უწოდა ფროიდმა Die Zwangsneurose - აღნიშნულ დაავადებას, რადგან ის სუბიექტის მიერ კონტროლს არ ექვემდებარება. აკვიატებული აზრები „მაგიურ ხასიათს“ იძენენ, მათ ფიცის ფორმულებივით იმეორებენ; შინაარს უსასრულოდ უკირკიტებენ და სულ უფრო ეზღუდებათ გარემოს მიმართ მოქნილი დამოკიდებულება. აზრების გარდა, შესაძლებელია ცნობიერება მოიცვას იმპულსებმა, რომლებიც პაციენტს აგრესიული და სექსუალური ქმედებისკენ უბიძგებს. როგორც წესი პაციენტი დატანჯულია და ებრძვის ამ იმპულსებს და ხშირად განიცდის დანაშაულის და სირცხვილის განცდას.





აკვიატებითი ქმედებები

ეს არის აკვიატება, რომ აუცილებლად უნდა შესრულდეს გარკვეული მოქმედებები (F42.1), [4]რათა გაქრეს შიში და მტანჯველი შფოთვა. როგორც წესი პაციენტებს ძალიან ეზღუდებათ ცხოვრება. ამ კონტესქტში უნდა დასახელდეს აკვიატებული კონტროლი და წესრიგი, დაბანის და წმენდის აკვიატება, აგრეთვე ნივთების აკვიატებული შეგროვება და დალაგება.



სამეცნიერო კვლევები


Edgar Geissner [5]- ის კვლევის“ Schulderleben bei Zwangspatienten[6]“ თანახმად, რომელიც 2020 წელს გამოქვეყნდა კლინიკურმა კვლევებმა ცხადყო და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე პაციენტებთან დანაშაულის განცდის არსებობას, რაც თავის მხრივ ასევე შეესაბამება ადრეულ ფსიქოანალიტიკურ ხედვებსა და ვარაუდს ამ დაავადებაზე კერძოდ; ფსიქიკურ ცხოვრებაში სუპერეგოს, როგორც მორალური ასპექტის დომინაცას. აღნიშნული კვლევა ასევე ხაზს უსვავს თერაპიულ პროცესში დანაშაულის განცდის გადამუშავების აუცილებლობას რის გარეშეც ნაკლებად სავარაუდოა აღნიშნული მდგომარეობის ეფექტური მართვა და მკურნალობა. ამრიგად ზოგიერთ ქვეყანაში აღნიშნული დაავადების მკურნალობისას გაიდლაინებში ექსპოზიციების საშუალებით უნდა დაემატოს მკურნალობის სპეციფიკური სექციები, რომელიც დანაშაულისა და „ვალის“ განცდის გადამუშავებაზე იქნება კონცენტრირებული.


ავტორი : იოანე გუდუნა დარბუაშვილი

idarbuashvi@cu.edu.ge



გამოყენებული ლიტერატურა:

1881:

Freud, Sigmund (1881a): Über den Bau der Nervenfasern und Nervenzellen beim Flußkrebs. In: Anzeiger Akad. Wiss. Wien (Math.-Naturwiss. Kl.), Bd. 18 (1881), Nr. 28, S. 275f.

Freud, Sigmund (1904a 1903): Die Freudsche psychoanalytische Methode. GW V, 3-10.

1906:

Freud, Sigmund (1906a): Meine Ansichten über die Rolle der Sexualität in der Ätiologie der Neurosen. GW V, 147- 159.

1913:

Freud, Sigmund (1912-13a): Totem und Tabu. GW IX



სასარგებლო ბმულები:






[1] Der Zwang - იძულება. ( Die Zwangsvorstellung არის კომპოზიტი სიტყვა, რომელიც თავის თავში მოიცავდ იძულებასა და წარმოდგენას, რაც ინგლისურ ლიტერატურაში აკვიატებული აზრების ქონას გულისხმობს. [2] Die Vorstellung - გერმანული სიტყვა, რომელიც წარმოსახვას, წარმოდგენას, ან წარმოდგენაში არსებული ხატის არსებობას გულისხმობს. აქედან არის ნაწარმოები სიტყვა Die Zwangsvorstellung. [3] ICD-10 Predominantly obsessional thoughts or ruminations. [4] ICD-10 Predominantly compulsive acts [obsessional rituals]. [5] Ludwig Maximilians University of Munich -ის უნივერსიტეტის პროფესორი. [6] Guilt Experience in Patients with obsessive compulsive disorder

 
 
 

Comments


THE CLINIC

 

Email: i_darbuashvili@cu.edu.ge

Tel: +995 571 306 006

  • White Facebook Icon
  • White Yelp Icon

 

Mon - Fri: 7am - 10pm 

​​Saturday: 8am - 10pm ​

Sunday: Closed

მოგვწერეთ

Thanks for submitting!

© 2023 by Nick Erickson Physiotherapy. Proudly created with Wix.com

bottom of page