დაბადების რიგი და პიროვნული თვისებები
- gudunadarbo
- Nov 7, 2021
- 11 min read

ალფრედ ადლერი იყო ცნობილი ავსტრიელი ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი ფსიქოანალიზის წიაღში. მისი თეორიის ცენტრალური ცნებები არის არასრულფასოვნების განცდა, როგორც ადამიანის მოტივატორი, სოციალური ინტერესი და მისი მნიშვნელობა, არასრულფასოვნების კომპლექსი, ძალაუფლების კომპლექსი და ბავშვის დაბადების რიგის გავლენა მის პიროვნებაზე. სტატიის ფარგლებში გვინდა გავამახვილოთ ყურადღება სწორედ ამ უკანასკნელ კონცეფციაზე, რადგანაც ეს მისი თეორიის მეტად საინტერესო და განსხვავებული ნაწილია. ადლერი იყო ერთ-ერთი თეორეტიკოსი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ფსიქიკა ცალსახად მემკვიდრეობით არ განისაზღვრება. მისი განვითარება სრულიად სოციალური ფაქტორებით არის განპირობებული. მას მიაჩნია, რომ ერთის მხრივ ორგანიზმის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს, მეორე მხრივ კი - უნდა შესრულდეს ადამიანური საზოგადოების მოთხოვნებიც. ადამიანის ბუნების გაგება ადლერის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო. ადლერი ხშირად აღნიშნავდა, რომ ადამიანთა უმრავლესობა ამაყობს იმით, რომ სრულყოფილად ფლობენ ადამიანის ბუნების გაგების უნარს და თავს შეურაცხყოფილად იგრძნობდნენ, ვინმეს რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა მათი კომპეტენცია, თუმცა ჩვენ ვაკვირდებით თუ როგორ გამოაქვთ ადამიანებს განცდილისგან სასურველი დასკვნა. მაგალითად, ადამიანი, რომელიც კვლავ და კვლავ ერთსა და იმავე შეცდომას იმეორებს, თუ ჩვენ შევძლებთ მის დარწმუნებას, რომ ის ცდება, მაშინ შეიძლება მან ამაზე სხვადასხვაგვარი რეაგირება მოახდინოს. მან შეიძლება თქვას: „თქვენ მართალი ბრძანდებით, შემდგომში ამას გავითვალისწინებ“, თუმცა მსგავსი რეაქცია არატიპიურია, უფრო სავარაუდოა, რომ ადამიანი იტყვის, რომ ამ ჩვევისგან თავის დაღწევა უკვე შეუძლებელია. მან აგრეთვე შეიძლება შეცდომისთვის თავისი მშობლები, განათლება, ბავშვობაში უმეთვალყურეოდ დატოვება ან სასტიკი მოპყრობა დაადანაშაულოს, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს მისი მომიზეზებები, როგორი ალიბიც არ უნდა წარადგინოს, მას მხოლოდ ერთი რამ სურს- შემდგომ მოვლენებზე პასუხისმგებლობა მოიხსნას. მაშასადამე ჩვენ ჩვენ ქცევას ვამართლებთ და ყოველდღიურად ვცდილობთ თავი ავარიდოთ კრიტიკას.
ადლერს მიაჩნდა, რომ ხასიათის ტიპის ფორმირება ადრეულ ასაკში მაგალითად: იმ დროს როცა, ზოგიერთი ბავშვი ვითარდება ძალების დაგროვების კვალობაზე და სიმამაცის და საკუთარ თავში დარწმუნებულობის გზით აღიარების მოპოვებას ცდილობს, სხვები თითქოსდა თავიანთ სისუსტეებზე სპეკულირებენ და ყველანაირ დემონსტრირებას ცდილობენ. საკმარისია დავაკვირდეთ ამა თუ იმ ბავშვის ქცევას, თავდაჭერის მანერას, რომ გავიგოთ, ისინი ამ ორი ჯგუფიდან რომელს მიეკუთვნებიან. ადლერის აზრით, ბავშვის განვითარების საფუძველია მისი მისწრაფება მოახდინოს საკუთარი სისუსტეების კომპენსირება, არასრულფასოვნების ამ გრძნობიდან ათასობით ტალანტი და ნიჭი წარმოიშვება.
ადამიანური კანონები ბავშვებისთვის, რომლებიც ცუდად არიან მომზადებულები, შეიძლება დიდი დაბრკოლების მიზეზი იყოს და მათ თავისი ადგილის დაკავება გაუჭირდეთ, რადგან თუ გავიხსენებთ რამდენი დაბრკოლება ხვდება ბავშვს ყოველი ფეხის ნაბიჯზე არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მისი რეაქცია ამ დაბრკოლებაზე ყოველთვის ადეკვატური ვერ იქნება. ეს განპირობებულია იმით, რომ მისმა აზროვნებამ განვითარება ახლახან დაიწყო და ასაკის მატებასთან ერთად გარკვეულ კანონზომიერებებთან მორგება უწევს. ადაპტაცია განსაკუთრებით ისეთ ბავშვებს უჭირთ, რომლებსაც აქვთ გარკვეული ფიზიკური თუ ფსიქიკური შეფერხებები. მაგალითად, ბავშვი რომელიც გვიან იწყებს სიარულს ან ლაპარაკს. ადლერი აღნიშნავს, რომ ასეთი ბავშვებისთვის შეუფერებელი გარემო მომავალში იწვევს ეჭვსა და უნდობლობას სამყაროსადმი. ისინი ხშირად მიდრეკილები ხდებიან თვითიზოლაციისკენ და არიდებენ თავს მოვალეობებს. ასეთი ბავშვები გამწვავებულად გრძნობენ სამყაროს მათ მიმართ მტრულ დამოკიდებულებას უნებურად აზვიადებენ. ისინი საკუთარ თავს სხვებზე გაცილებით მაღლა აყენებენ და ყურადღებას მოითხოვენ. იმ მოვალეობებში, რომლებსაც ცხოვრება გარდაუვლად აკისრებს ადამიანს, ისინი არა იმდენად სტიმულს არამედ დაბრკოლებას ხედავენ. ადლერი აღნიშნავს, რომ ამ ბავშვებსა და საზოგადოებას შორის არსებული უფსკრული დღითიდღე ფართოვდება მათი მტრული დამოკიდებულის გამო.
ანალოგიური პრობლემები შეიძლება წარმოიშვას, როცა მშობლების ბუნებრივი სინაზე და ალერსი ბავშვის მიმართ არასაკმარისად ვლინდება. მსგავსი ქცევა ბავშვის განვითარებისთვის ყოველთვის სერიოზული შედეგების მომტანია. ბავშვი იმდენად "გულქვა" ხდება, რომ სიყვარულის გამოცნობისა და მისი სათანადოდ გამოყენებისთვის უუნარო ხდება, რამეთუ მისი სინაზის ინსტინქტი ვერადავერ განვითარდა. ადლერი თვლიდა, რომ ბავშვებს ხშირად ასწავლიან თითქოსდა სიყვარული ან სინაზე სათაკილოა, სასაცილოა ან არავაჟკაცური. მაგალითად, ბევრ ბავშვს შთააგონებენ, რომ სინაზე ეს სისუსტეა. ისინი სიყვარულის გამოვლენის წინაშე შიშს განიცდიან. მეტისმეტი სინაზით აღზრდაც ისევე მავნებელია, როგორც ყოველგვარი სინაზის გარეშე აღზდა. განებივრებულ ბავშვს არანაკლები პრობლემები აწუხებს, ვიდრე ათვალწუნებულს. განებივრებულ ბავშვს უვითარდება სიყვარულის უზომო და გაუმაძღარი წყურვილი. შედეგად ის ვინმეს ეთვისება და არ გააჩნია მისი მოშორების სურვილი. არასწორად გაგებულ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობისას ბავშვი იმდენად აჭარბებს, რომ აკეთებს დასკვნას, თითქოსდა მისი სიყვარული გარემომცველ მოზრდილებს გარკვეულ მოვალეობებს აკისრებს. ადლერი ხაზს უსვამს, რომ ასეთ პაციენტებს ხშირად შეხვედრია და აღნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები მთელ თავის ცხოვრებას იმას მიუძღვნიან, რომ ნებისმიერი საშუალებით მოიპოვონ გარშემომყოფთა კეთილგანწყობა. ის შეეცდება მეტოქის- ძმის ან დის დამორჩილებას ან მასზე ენატანიობას დაიწყებს. ასეთმა ბავშვმა თავისი და-ძმა შეიძლება ცუდ საქციელზეც კი დაიყოლიოს, რათა თავისი მშობლების სიყვარულში მარტომ "იბანაოს". ის შეიძლება გაზარმაცდეს ან ცუდად მოიქცეს იმ შემთხვევაში თუ სასურველ შედეგს ვეღარ აღწევს და მშობლები აიძულოს მეტი დრო დაუთმონ ან სანიმუშო ბავშვი გახდეს, რათა სხვების ყურადღება მიიღოს. მაშასადამე შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ ადლერის მოსაზრებით, თუ ფსიქიკის სტრუქტურაში დადგინდა მიზნის მიღწევის ამგვარი საშუალება, ბავშვმა შეიძლება ყველაფერს მიმართოს. მაგალითად, მან განავითაროს ანტისაზოგადოებრივი ქცევა ან პირიქით გახდეს ზრდილობიანი და ყოველმხრივ ჩინებული ბავშვი. ადლერი ამბობდა, რომ როგორც წესი ბავშების ნებისმიერ ჯგუფში არის ერთი რომელიც ყურადღებას იქცევს თავისი თავხედური ქცევით, როცა სხვა უფრო საზრიანი იგივე მიზნის მისაღწევად დემონსტრირებს თავისი მორჩილებითა და წესიერებით. ამრიგად, ადლერისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონეა სწორედ ბავშვის აღზრდის სტილი და მისი ინდივიდუალური გამოცდილება, რომლითაც ის შემდგომ სამყაროსთან ამყარებს კავშირს.
ჩვენ ხშირად მივაქცევდით ყურადღებას იმ ფაქტს, რომ სანამ რომელიმე ადამაინზე დასკვნას გავაკეთებდეთ,უნდა ვიცოდეთ, თუ რა გარემოში აღიზარდა. ადლერს მიაჩნდა, რომ ბავშვზე უდიდეს გავლენას ახდენს მისი მდგომარეობა ეგრეთ წოდებულ „ოჯახის თანავარსკვლავედში“ ჩვენ შეგვიძლია ბავშვების კლასიფიცირება და იმის გაგება არიან თუ არა ისინი , ერთადერთი შვილები, ოჯახში უმცროსები თუ ყველაზე უფროსები. ადლერმა პირველმა გაამახვილა ყურადღება ბავშვის რიგითობაზე, ანუ იმაზე თუ მერამდენე შვილია. ის აღნიშნავდა, რომ ოჯახში დაბადების პოზიციას შეუძლია მნიშვნელოვანი ფსიქიკური მახასიათებლები განსაზღვროს მაგალითად, როგორიც არის: ლიდერობა, აგრესიულობა, დევიანტურობა, სიკეთე, მეგობრულობა და სხვა.
უმცროსი შვილი
უმცროსი შვილები ოჯახში- ეს როგორც წესი განსაკუთრებული შვილია, ამაზე მეტყველებს ურიცხვი ზღაპარი, ლეგენდა, რომლებშიც უმცროსი შვილი ყოველთვის ერთნაირად გამოჰყავთ. ასეთი ბავშვები ალფრედის მოსაზრებით მართლაც უნიკალურ სიტუაციაში იზრდებიან: მშობლებისთვის ის განსაკუთრებული შვილია და მისდამი დამოკიდებულება განსაკუთრებით მზრუნველია. ის ყველაზე პატარაა და შესაბამისად ყველაზე უმწეოც. ამასთან დაკავშირებით მას უჩნდება ხასიათის რიგი თვისებები, რომლებიც სრულიად განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ მის პიროვნებაზე. საჭიროა ერთი თავისებურების გათვალისწინება, რომელიც პარადოქსულია. არცერთ ბავშვს, არ მოსწონს რომ ყველაზე პატარაა და ყველაზე უმწეო ეს მას იმის დასამტკიცებლად ასტიმულირებს, რომ ყველაფრის გაკეთება თავად შეუძლიათ. ასე რომ უმცროსი ბავშვი ხშირად ისეთ ადამიანად იზრდება, რომელიც სასოწარკვეთით მიისწრაფის უპირატესობისკენ და გადაწყვეტილი აქვს ყველაფერში საუკეთესო იყოს. ხშირად უმცროსი შვილი ოჯახის ყველა დანარჩენ წევრს წინ უსწრებს და მისი ყველაზე უფრო ნიჭიერი წევრი ხდება. უმცროსი შვილების სხვა ჯგუფიც არსებობს : ისინიც აგრეთვე შეპყრობილნი არიან, სურვილით სხვებს აჯობონ, თუმცა მათ არ გააჩნიათ საკუთარი თავის რწმენა, უფროს ძმებთან და დებთან მათი ურთიერთობის გამო. თუ უმცროს ბავშვს არ შეუძლია უფროსების დაჩრდილვა, ის ხდება მშიშარა და მუდმივად წუწუნა. ასეთი ტიპის ბავშვები მუდმივად ეძებენ საბაბს, რომ საქმისგან თავი დაიძვრინონ. ამ ტიპის უმცროსი ბავშვი ადლერის აზრით მიმსგავსებულია იმ ბავშვებთან, რომლებიც ამ ქვეყანას ფიზიკური ნაკლით მოევლინებიან. მნიშვნელობა არ აქვს, სინამდვილეში რა მოხდა, მოცემული ინდივიდი არასრულფასოვანია თუ არა. მნიშვნელოვანია მხოლოდ თუ როგორ ინტერპრეტაციიას უკეთებს საკუთარ თავს და როლს სამყაროში. უმცროს ბავშვს მისი ადგილი ოჯახში შეჯიბრების მონაწილედ აქცევს, რომელიც მთელ ძალას ატანს რათა სხვებს აჯობოს. ამის მაგალითია ისეთი ბავშვები, რომლებიც ყოველთვის პროცესიის სათავეში მარშირებენ და ვერ იტანენ როცა ვინმე მათ წინ აღმოჩნდება. თუმცა, უმცროს ბავშვებს შორის ჩვენ ვნახულობთ საქმიან და ნიჭიერ ინდივიდებსაც, რომლებიც იმდენად გამოირჩნენ, რომ მთელი თავისი ოჯახის მხსნელები გახდნენ. უმცროსი ბავშვი რომელსაც ნეგატიური ცხოვრების სტილი ან თვისებები განუვითარდება მისი ოჯახური პოზიციის გამო ვერასდროს ვერ შეძლებს საზოგადოების სასარგებლო წევრად გაზრდას. პირველ შემთხვევაში , იმას ვინც ყოველთვის საუკეთესოდ ყოფნისკენ მიისწრაფის, კარგად ცხოვრობს, იმ სამყაროში სადაც შეჯიბრი შეჯიბრის გულისთვის ფასდება. ასეთი ადამიანი საკუთარ სულიერ წონასწორობას ყოველთვის სხვის ხარჯზე შეინარჩუნებს. მეორე ტიპის ადამიანები თავისი არასრულფასოვნების კომპლექსის მიერ გასრესილნი აღმოჩნდებიან და ცხოვრებასთან შერიგების შეუძლებლობისგან იტანჯებიან სიცოცხლის დასასრულამდე.
უფროსი შვილი
საინტერესოა რომ ადლერმა არა მხოლოდ უმცროსი შვილის დახასიათება არამედ უფროსი შვილის დახასიათებაც მოგვცა. უპირველეს ყოვლისა, მას აქვს ისეთი უპირატესობა, როგორიც არის ფსიქიკური განვითარებისთვის ჩინებული საწყისი პოზიცია. ისტორია აღიარებს , რომ უფროსი ვაჟიშვილი ოჯახში განსაკუთრებით ხელსაყრელ მდგომარეობას იკავებს. საზოგადოების მრავალ კლასში ეს პრივილეგირებული სტატუსი კანონით არის განმტკიცებული. არისტოკრატებთან, სწორედ უფროსი შვილი იყო საგვარეულო ტიტულის მემკვიდრე. ჩვენ ვხედავთ თუ რამდენად მოწონების შემცველია, ბავშვისთვის ის, რომ გარშემომყოფნი მას მუდმივად საპასუხისმგებლო დავალებებს აძლევენ. ის სავარუდოდ ასე ფიქრობს: „ მე სხვებზე უფროსი, დიდი და ძლიერი ვარ და მაშასადამე, მათზე უფრო ჭკვიანიც უნდა ვიყო“ - თუ ამ მიმართულებით მისი განვითარება დაბრკოლების გარეშე მიმდინარეობს, მას უფორმირდება კანონისა და წესრიგის დამცველის ხასიათი. ასეთი ადამიანები ძალიან აფასებენ ძალაუფლებას. ძალაუფლება- ეს არის ცნება , რომელიც უფროსი შვილისთვის რაღაც თავისთავად ნაგულისხმევი, მნიშვნელოვანია და პატივისცემას მოითხოვს. არ არის გასაკვირი რომ ასეთი ინდივიდები კონსერვატივიზმით გამოირჩევიან.
ძალაუფლებისკენ მისწრაფება, ადლერის თქმით, მეორე შვილისათვისაც (უმცროსსთან) განსაკუთრებულ ელფერს იძენს. მეორე შვილები ყოველთვის დაჩაგრულები არიან და უპირატესობისთვის იბრძვიან. მათი ქმედებიდან ადვილია იმ დასკვნის გაკეთება, რომ ისინი ცხოვრებას ისე უყურებენ, როგორც რბოლებს და ეს განსაზღვრავს მათი ცხოვრების მიზანს. ის ფაქტი, რომ მის წინ ვიღაც იმყოფება, რომელმაც უკვე მიიღო ძალაუფლება, მეორე შვილისთვის მძლავრი გამაღიზიანებელია. თუ მას შეუძლია თავისი პოტენციალის განვითარება და პირმშოს დაწევა ის ჩვეულებრივ წინ წაიწევს დიდი ნაბიჯებით,მაშინ როდესაც პირმშო რომელსაც ძალაუფლება უკვე გააჩნია თავის მდგომარეობას შედარებით მყარად მიიჩნევს სანამ მეორე შვილი წინ გასწრებით არ ემუქრება. ეს სიტუაციაც ესავზე და იაკობზე ბიბლიურ ლეგენდაში ძალიან ცოცხლად არის აღწერილი. ამ თქმულებაში ძმებს შორის სასტიკი ბრძოლაა გაჩაღებული- არა იმდენად რეალური ძალაუფლებისთვის, რამდენადაც ძალაუფლების გარეგანი ატრიბუტიკისთვის. ასეთ შემთხვევაში მეორე ბავშვი აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას მანამ სანამ მიზანი მიღწეული არ იქნება და პირმშოს არ აჯობებს ან სანამ ბრძოლა წაგებული არ იქნება და უკან დახევა არ დაიწყება, რომლის ნიშანსაც ხშირად ნერვული აშლილობა წარმოადგენს. მეორე ბავშვის სოციალური განწყობა საზოგადოების უმდაბლესი კლასების სოციალური შურის მსგავსია. მასში დომინერებადი ნოტა იმაზეა დაფუძნებული, რომ მას აბუჩად იგდებენ და უგულვებლყოფენ. მეორე ბავშვმა შეიძლება ისეთი მაღალი მიზანი დაისახოს, რომ მთელი ცხოვრება დაიტანჯება და სულიერ სიმშვიდეს დაკარგავს, რამეთუ ეს მიზანი ილუზორული და მიუღწეველია.
ერთადერთი შვილი
უთუოდ ძალიან სპეციფიკურ სიტუაციაში იმყოფება. ის მთლიანად თავისი აღზდის მოწყალებაზეა მინდობილი. მშობლებს არჩევანი არ აქვთ მთელი თავისი ყურადღება ერთადერთ შვილზე აქვთ კონცენტრირებული. ის მეტისმეტად დამოკიდებული ხდება. ყოველთვის მოელის ვიღაცამ გზა უჩვენოს და მხარდაჭერას ეძებს. მთელი ცხოვრების მანძილზე განებივრებულია. ის სირთულეებს საერთოდ არ არის მიჩვეული, რამეთუ ვიღაც ყოველთვის გზას უკაფავს. როგორც მუდმივად ყურადღების ცენტრში მყოფს მას ძალიან ადვილად შეუძლია თავის თავზე ისეთი დიდი წარმოდგენის შექმნა, რომ ის მართლაც ძალიან ფასეული ადამიანია. მისი მდგომარეობა იმდენად გართულებულია, რომ ის ალბათ ცხოვრებაზე რაღაც არასწორ შეხედულებებს აითვისებს. თუ მშობლებს ესმით მისი მდგომარეობის საშიშროება, მათ ცხადია ბევრი მათგანის თავიდან აცილება შეუძლიათ, თუმცა ხშირად ეს მაინც რთულ პრობლემად რჩება. ხშირად „ერთადერთი“ შვილების მშობლები განსაკუთრებით ღვთისმოსავი ადამიანები არიან, რომელთაც ცხოვრება ჰგონიათ საშიშროებებით და ცდუნებით სავსე. ამიტომ ადლერმა შეამჩნია , რომ ისინი გადაჭარბებული მზრუნველობით ეპყრობიან საკუთარ შვილს. ბავშვი კი თავის მხრივ მათ ზრუნვას აღიქვამს როგორც მათზე დამატებითი ზეწოლის განხორციელების ხერხს. და ბოლოს, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მათი მუდმივი ყურადღების გამო ეს სამყარო მას მტრულად შეიძლება მოეჩვენოს. შეიძლება მუდმივი შიში წარმოეშვას სირთულეების წინაშე, რომელთაც ის უხალისოდ უდგება, რადგან ცხოვრებაში მხოლოდ სასიამოვნო ნახა. ასეთ ბავშვებს ნებისმიერი დამოუკიდებელი საქმიანობა უძნელდებათ და ადრე თუ გვიან ცხოვრებასთან მიუსადაგებლები აღმოჩნდებიან. ცხოვრებისეულ გზაზე ადამიანი კატასტროფებს გვერდს ვერ აუვლის. ისინი პარაზიტების მსგავსნი არიან, რომლებიც ცხოვრებაში არაფერს არ აკეთებენ და მხოლოდ ცხოვრებით ტკბებიან, ვიდრე ვინმე სხვა ზრუნავს მათ საჭიროებებზე.
მრავალშვილიანი ოჯახი
რამდენიმე ძმასა და დას შორის შეჯიბრის დროს შესაძლებელია სხვადასხვა კომბინაციები; ამიტომ თითოეული შემთხვევის ინდივიდუალური შეფასება გართულებული ხდება. იმ სიტუაციებში, როდესაც რამდენიმე გოგონას შორის ერთადერთი ბიჭი იზრდება, ქალური გავლენა ოჯახში იმდენად დომინირებს, რომ ბიჭი, განსაკუთრებით თუ ის ყველაზე უმცროსია, უკანა პლანზე დახეული და ქალების ფალანგით გარშემორტყმული აღმოჩნდება. მისი თვითდამკვიდრებისკენ მისწრაფება დიდ პრობლემებს ხვდება. მტრულ გარემოში ყოფნისას მას არ შეუძლია ჰქონდეს არც ერთი იმ პრივილეგიის მიღების იმედი, რომელიც ჩვენს გაუნათლებელ მამაკაცურ ცივილიზაციაში მამაკაცური სქესის ნებისმიერ პირს მიეცემა. მუდმივი მოუწყობლობა და საკუთარი ადამიანური თვისებების შეფასების შეუძლებლობა მისი ყველაზე უფრო დამახასიათებელი თვისებები ხდება. ოჯახის ქალურმა ნაწილმა შეიძლება იმდენად დააშინოს, რომ ის იწყებს მამაკაცების მეორე ხარისხის ადამიანებად მიჩნევას. ერთის მხრივ არსებობს იმის დიდი ალბათობა რომ მისი სიმამაცე და საკუთარი თავის რწმენა დათრგუნული იქნება, თუმცა მეორეს მხრივ გამღიზიანებელი შეიძლება ისეთი ძლიერი აღმოჩნდეს, რომ ბიჭი მობილიზდება და ბევრს მიაღწევს. ორივე სიტუაცია გამომდინარეობს ერთი და იგივე მდგომარეობიდან, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ოჯახური პოზიცია და მხოლოდ თანმდევი გარემოებები განსაზღვრავენ თუ რა გამოვა ასეთი ბიჭებიდან.
ადლერი თავისი თეორიის ფარგლებში ასევე დიდ ყურადღებას უთმობს ადამიანის ისეთი თვისებების ჩამოყალიბების პროცესს, რომლებიც მყარ პიროვნულ თვისებებს მიეკუთვნება. მსგავსი თვისებების განვითარება ინდივიდის ცხოვრებასა და პიროვნებათშორის ურთიერთობებზე და სამყაროს მიმართ დამოკიდებულების მთავარ ღერძზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ადლერი თვლიდან, რომ ზოგიერთი პიროვნული ნიშნის ჩამოყალიბებაზე სწორედ ოჯახში ბავშვის პოზიცია ახდენს გავლენას.
ეჭვიანობა
ეჭვიანობა, ადლერის თქმით, ხასიათის ის საინტერესო თვისებაა, რომელიც ყველაზე გავრცელებულია ადამიანებში. ეჭვიანობა არა მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობებში ვლინდება, არამედ ეს გრძნობა შეიძლება მთელ სამყაროზეც განზოგადდეს. ადლერი თავის წიგნში აღნიშნავს, რომ ის ბავშვებზე დაკვირვებით ხედავდა, რომ ზოგიერთი ბავშვი სხვებზე უპირატესობის მოპოვების მცდელობისას იყალიბებდა ხასიათის ამ თვისებას. ეჭვიანობა შეიძლება გავიგოთ როგორც სამყაროსადმი მტრული დამოკიდებულება. ეჭვიანობა ხასიათის ის თვისებაა, რომელიც მთელი ცხოვრება შეიძლება შენარჩუნდეს. ადლერის აზრით, ის წარმოიშვება განკიცხულობის გრძნობისგან, ასევე მუდმივი დამცირებულობის გრძნობისგან. ეჭვიანობა ბავშვებს თითქმის ყოველთვის უჩნდებათ უმცროსი დისა ან ძმის დაბადებასთან ერთად, რომლებიც მშობლებისგან უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვენ და უფროსი ბავშვი ამ დროს თავს გრძნობს დამხობილ მონარქად.
განსაკუთრებით ეჭვიანები ის ბავშვები ხდებიან, რომლებიც უმცროსი ბავშვის გამოჩენამდე მშობლის სიყვარულის თბილ მზის სხივებში ბანაობდნენ. ადლერს თავის წიგნში აღწერილი აქვს პატარა გოგონას ისტორია, რომელმაც 8 წლის ასაკში 3 მკვლელობა ჩაიდინა. ადლერი ცდილობს ამ მაგალითით დაგვანახოს, თუ როგორი უკიდურესი სახე შეიძლება მიიღოს ეჭვიანობამ. ეს გოგონა გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაში რამდენამდე ჩამორჩებოდა და ავადმყოფობის გამო მას არ აძლევდნენ რაიმე სერიოზულ საქმეს. ამის შედეგად მისი მდგომარეობა სიამოვნებას არ იყო მოკლებული. ასეთი მდგომარეობა უცბად შეიცვალა, როცა მას 6 წელი შეუსრულდა და ოჯახში უმცროსი და დაიბადა. ამის შემდეგ გოგონას ხასიათი მთლიანად შეიცვალა და მან დაიწყო თავისი პატარა დაიკოს უმოწყალო დევნა. მშობლები, რომლებიც მის ქცევას ვერ მიხვნენ მის მიმართ უფრო მკაცრები გახდნენ და ცდილობდნენ მისთვის დაემტკიცებინათ, რომ მისი საქციელი არასწორია. ერთხელ ისე მოხდა, რომ ის სოფლის შორიახლოს მდებარე ნაკადულში, რომლის მახლობლად ეს ოჯახი ცხოვრობდა მკვდარი პატარა გოგონა იპოვეს. გარკვეული დროის შემდეგ კიდევ ერთი დამხრჩვალი გოგონა იპოვეს და ბოლოს ამ გოგონას, რომელიც შემდგომ ადლერის პაციენტი იყო იმ მომენტში წაასწრეს, როცა მესამე ბავშვი წყალში ჩააგდო. ის გამოტყდა მის მიერ ჩადენილ მკვლელობებში, რის შედეგადაც დაკვირვებისთვის "სულიერად ავადმყოფთა" საავადმოფოში მოათავსეს, შემდეგ კი გამოსასწორებელ კოლონიაში. მოცემული ქეისის განხილვის დროს, ადლერი აღნიშნავს, რომ გოგონამ თავისი ეჭვიანობა გადაიტანა პატარა ბავშვებზე. ასევე ადლერი ამბობს, რომ მისი პაციენტი ბიჭებისადმი მტრულ გრძნობებს არ განიცდიდა. როგორც ჩანს თავის მსხვერპლებში ის თავის უმცროს დას ხედავდა, კლავდა და ამ გზით ცდილობდა შური ეძიებინა მის მიერ გადატანილი განკიცხულობის გრძნობისთვის. ეჭვიანობის გამოვლინებები კიდევ უფრო ხშირად გვხვდება, როცა ოჯახში დების გარდა ძმებიც ჩნდებიან. კარგად ცნობილია, რომ ჩვენი ცივილიზაციის პირობებში გოგონას ბედი ნაკლებად სახარბიელოა. ჩვენ შეგვიძლია გავავლოთ პარალელი საქართველოსთანაც იმ კუთხით, რომ დღესაც შემორჩა ბიჭის კულტი. ადლერი სწორედ ასეთ დამოკიდებულებას თვლის საზიანოდ და განიხილავს პატარა გოგონას, რომელიც ხედავს საკუთარი ძმის უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობას. სავსებით ბუნებრივია, რომ მსგავსი დამოკიდებულება, ადლერის აზრით, მტრული გრძნობებისთვის ნიადაგს იძლევა. ხშირად უფროსი და უმცროს ძმას სიყვარულით დედობრივად ექცევა, თუმცა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეიძლება ზემოთაღწერილისგან დიდად არ განსხვავებოდეს. თუ უფროსი და უმცროსი ძმებისა და დედისადმი დედობრივ მოპყრობას იწყებს ის ამ გზით იკავებს ავტორიტეტულ მდგომარეობას და შეუძლია ისე მოიქცეს როგორც მოესურვება. ასეთი ეშმაკობის წყალობით ის უფრო ძლიერდება.
შური
იქ სადაც არის ძალაუფლებისკენ მისწრაფება ყოველთვის მოიძებნება შურის ადგილიც, ამბობდა ადლერი. განკიცხულობის ამ გრძნობის მრავალფეროვანი გამოვლინებებია დაუკმაყოფილებელი პატივმოყვარეობის სიმპტომები, მეზობლებზე უფრო მეტის ქონის ან ყველაფრის ქონის სურვილიც კი. ასეთი სახის შურიანები არ ამბობენ რომ ყველაფრის ქონა უნდათ, რამეთუ სოციალური გრძნობა არ აძლევს მათ ამის გაფიქრების უფლებას, თუმცა ისინი ისე მოქმედებენ, თითქოს ამქვეყნად ყველაფრის დაუფლების სურვილი აქვთ. სოციალური გრძნობის საყოველთაობა განსაზღვრავს შურისადმი საყოველთაო უარყოფით დამოკიდებულებასაც, თუმცა ადამიანთაგან ცოტა ვინმე თუ არ განიცდის შურს დროდადრო მაინც. არავინ არ არის მისგან მთლიანად თავისუფალი. ვიდრე ცხოვრება შეუფერხებლად მიედინება ხშირად მისი შემჩნევა ძნელია, მაგრამ როცა ადამიანი გრძნობს რომ მას ავიწროებენ, არ ყოფნის ფული, საჭმელი, ტანსაცმელი ან სითბო, როცა მომავლის იმედი გამუქებულია და გამოსავალს ვერ ხედავს წარუმატებლობისგან, მაშინ სცენაზე გამოდის შური. ჩვენი ცივილიზაცია ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ სტადიაზე იმყოფება. მართალია ჩვენი ეთიკა და რელიგია შურს კრძალავს, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ ფსიქოლოგიური სიმწიფის იმ ხარისხს რომელზეც შურის აღმოფხვრა სრულად შეიძლება. ჩვენთვის ადვილია იმ შურის გაგება რომელსაც ღარიბი ადამიანები მდიდრების მიმართ განიცდიან. ვის შეუძლია იმის თქმა, რომ მსგავს სიტუაციაში მასაც არ შეშურდებოდა? ის ყველაფერი რისი თქმაც შურის შესახებ გვინდოდა ვთქვით,- ისაა რომ იგი უნდა განვიხილოთ, როგორც ადამიანური ფსიქიკის თანამედროვე მდგომარეობის ფაქტორი. ადლერის აზრით, შურმა თავი შეიძლება იჩინოს მაშინ როდესაც ერთი შვილის მიმართ მშობელი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა, ხოლო მეორე ამ ყველაფერს ანალიზს უკეთებს, თუმცა ადლერი აღნიშნავს, რომ ასეთი ბავშვებში წარმოქმნილი შური უმეტეს შემთხვევებში ზოგადად სამყაროსადმიც განზოგადდება.
უზრდელობა
ზოგიერთი ადამიანი ხასიათის ისეთ თვისებებს ავლენს, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ უკულტურო ან უხეში ქცევისკენ მიდრეკილება. ამ კატეგორიას ისინი ეკუთვნიან, რომელთაც ჩვევად აქვთ ფრჩილების კვნება, ცხვირის ჩიჩვნა ან ჭამის დროს ამობოყინება. ამ ჩვევების აზრი თვალსაჩინო ხდება, როგორც კი ხარბ ადამიანს დავაკვირდებით. ისინი ნათლად ახდენენ ჩვენს წინაშე იმის დემონსტრირებას რომ არ ეთანხმებიან წესებით თამაშს და ამჯობინებენ სხვა ადამიანებისგან განრიდებას. ყველაზე ხშირად უკულტურო ქცევა ბავშვობაში იწყება რამეთუ ნაკლებად სავარაუდოა ისსეთი ბავშვების მოძებნა, რომლებიც პირდაპირ გადახრების გარეშე ვითარდებიან. ზოგიერთმა მოზრდილმა უბრალოდ ვერ შეძლო თავისი ბავშვური ქცევების დაძლევა. ნებისმიერ უზრდელს, ადლერის მოსაზრებით, ცხოვრებისგან განდგომის სურვილი აქვს და მიდრეკილია არათანამშრომლობისკენ.
განვიხილოთ შემთხვევა, რომელშიც მავნე ჩვევა გახდა თავდაცვის იარაღი და სხვა ადამიანებსზე დომინირების მიზნით გამოიყენება. საუბარია 22 წლის ქალზე, რომელსაც ღამით შარდის შეუკავებლობა აწუხებდა. ის ოჯახში ბოლოდან მეორე დაიბადა და როგორც სუსტი და მიზეზიანი ბავშვი დედის მეურვეობის მუდმივი საგანი იყო, რომლისგანაც მეტისმეტად დამოკიდებელი გახდა. მან მოახერხა დედის თავისკენ გადაბირება. დღისითაც და ღამითაც- დღისით შიშის შეტევების გამო და ღამით - შარდის შეუკავებლობის მიზეზით. თავიდან ეს მას ტრიუმფად ეჩვენებოდა და მისი თავმოყვარეობისთვის ბალზამი იყო. თავისი მავნე ქცევის წყალობით მან მოახერხა დედის მონოპოლიზირება ძმებისა და დების ხარჯზე. ამ ქალის კიდევ ერთი თავისებურება იმაში იყო, რომ შეუძლებელი იყო მისი დაყოლიება მეგობრობაზე. განსაკუთრებით შეშფოთებული იყო, როცა სახლიდან გამოსვლა უწევდა. მაშინაც კი როცა გაიზარდა და საღამოობით მშობლების დავალების შესრულება უწევდა. ის სახლში მიდიოდა სრულიად დაუძლურებული და შიშით შეპყრობილი. მრავალ ისტორიებს ყვებოდა თუ რა ხიფათებს გადაეყარა. ამ ახალგაზრდა ქალს ადლერის აზრით, ყოველთვის დედის გვერდით ყოფნა უნდოდა. ყველა ის საშუალება- შარდის შეუკავებლობა, მარტოდ დარჩენის შიში და თვითმკლელობის მცდელობა- ერთი მიზნის მირწევისკენ იყო მიმართული. როგორც ჩვენ გვესმის, ისინი ნიშნავენ „მე დედის გვერდით უნდა დავრჩე“ ან „ დედამ ჩემზე მუდმივად უნდა იზრუნოს“. ადლერი ფიქრობდა, რომ ამ გოგოს სხვანაირი ოჯახური პოზიციის შემთხვევაში ან თუ მას და-ძმა არ ეყოლებოდა ეს ასე არ მოხდებოდა.
შეჯამება
ეჭვგარეშეა, რომ ბავშვის აღზრდა ოჯახში მისი დღევანდელი სახით მყარ საფუძველს იძლევა ძალაუფლებისკენ მისწრაფების განვითარებისთვის. თითოეულს შეუძლია მოყვანოს ამის დამამტკიცებელი საბუთი საკუთარი გამოცდილებიდან. უთუოდ, ოჯახი- უზარმაზარი ღირსების შემცველი ინსტიტუტია და ძნელია ისეთი ინსტიტუტის წარმოდგენა, რომელიც ბავშვების აღსაზრდელად უკეთესად არის მორგებული, ვიდრე ოჯახური გარემო, სადაც ისინი საკუთრივ აღიზრდებიან კიდეც. ამრიგად, ადლერმა დაგვანახა,რომ ბიოლოგიური დეტერმინანტების გარდა ადამიანის ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა იმ სოციალურ გარემოს აქვს, სადაც ბავშვი თავდაპირველად ხვდება. თვალსაჩინოა ის ფაქტი, რომ ალფრედ ადლერი იყო პირველი, რომელმაც ფსიქოლოგიას ბავშვის დაბადების რიგითობის მნიშვნელობა შესთავაზა.
ავტორები: იოანე გუდუნა დარბუაშვილი
ნინო გრიშიკაშვილი
2015 წელი
გამოყენებული ლიტერატურა:
Adler,A. ( 1927 ) Understanding human nature Boston: Oneworld Publications
სასარგებლო ბმულები:
Comments